ნიკო ბაგრატიონი: “ბურებთან” (II)


აფრიკაში სანადიროდ გამგზავრებულმა ნიკო ბაგრატიონმა შეიტყო, რომ აფრიკის სამხრეთში მცხოვრებ მშვიდობიან ბურებს დიდმა ბრიტანეთმა ომი გამოუცხადა…
საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ამერიკიდან, კანადიდან თუ რუსეთიდან ბევრმა მოხალისემ მიაშურა შორეულ აფრიკას ინგლისელებთან საბრძოლველად. დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი პატარა ქვეყნის მწარე ხვედრმა გულგრილი ვერც ქართველი პატრიოტი ნიკო ბაგრატიონ-მუხრან-ბატონი დატოვა და უყოყმანოდ დაუდგა გვერდით ბურებს.
1899-1902 წლებში ამ ომმა მთელი მსოფლიოს პრესის ყურადღება მიიპყრო. არაერთი რომანი თუ მემორიალური ჟანრის ნაწარმოები მიეძღვნა XX საუკუნის პირველ ომად მონათლულ, ინგლის-ბურების ომს. მათ შორისაა პოპულარული საყმაწვილო რომანი ლუი ბუსენარის “ჩხუბისთავი კაპიტანი”, რომლის გმირი ფრანგი ყმაწვილი მზვერავთა რაზმს შეკრავს უსამართლო ომში ჩაბმული ბურების დასახმარებლად. ცნობილმა ინგლისელმა მწერალმა, არტურ კონან დოილმა კი ისე აღწერა “ომი სამხრეთ აფრიკაში”, რომ შელახული სახელი აღედგინა მოძალადედ შერაცხული ინგლისის იმპერიისთვის.
ნიკო ბაგრატიონის წიგნი, “ბურებთან”, მრავალმხრივ არის საყურადღებო. უწინარესად, ეს გახლავთ იმ ბატალიების მონაწილის შეუფარავი, მართალი მონათხრობი და ასევე ქართული მემუარული ლიტერატურის საინტერესო ნაწარმოები.

გათავდა ხატობა. ნეტარი, უდარდელი დრო ისე გაქრა, თითქოს ჯადოქრული წუთები ყოფილიყოს. უკვე სახლს, მეცადინეობას უნდა დავბრუნებოდით და შეწყვეტილიყო ჩვენი მხიარულება. მივიღეთ რა ეპისკოპოსისა და ნინოს კურთხევა, გავეშურეთ უკვე სახლისაკენ ყოველგვარი წესებისა და ეტიკეტის დაცვით.
აი, ჩვენ უკვე სახლში ვართ. ისევ დავუბრუნდით გონებრივ და ფიზიკურ მეცადინეობას. უკანასკნელი ძალზე მღლიდა და მქანცავდა; უჯანო, სუსტი ბავშვი ვიყავი, ხშირად ავადვმყოფობდი და ოჯახის ლამაზ წევრთა შორის მახინჯად ვიყავი მიჩნეული, რის გამო მშობლები მაინცდამაინც არ მწყალობდნენ. ამან საგრძნობი დაღი დაასვა ჩემს სულს, რომელიც მუდამ სითბოს და ალერსს ეძებდა; ამიტომ იყო, რომ ყოველი უბრალო საბაბის გამოც გამდელთან მივრბოდი გულში ჩასაკრავად და ალერსის მისაღებად.
მან იცოდა ჩემი სულიერი წონასწორობის აღდგენა. მის მეტი მე არავინ მყავდა, ვისთანაც შემეძლებოდა მივსულიყავი და ჩემი მწუხარება გამეზიარებინა. დედა მუდამ მოუცლელი იყო. ის ძლივს ასწრებდა მასპინძლობა გაეწია აუარებელი ნათესავისა და მამაჩემის მეგობრებისათვის, რომლებიც ძველი სტუმართმოყვარეობის გამო მუდამ ავსებდნენ ჩვენი სახლის დიდ დარბაზებს. დედას, როგორც ვთქვი, არამცთუ ეცალა ჩვენთვის, არამედ მეტწილად იშვიათად ვხედავდით მას.
დილაობით ჩვენი აღმზრდელების თანხლებით გამოვეცხადებოდით მშობლებს, ხელზე ვემთხვეოდით დედას და მამას, შემდეგ ვუპასუხებდით ერთსა და იმავე კითხვებზე – ჯანმრთელობის და სწავლის შესახებ და დინჯად დავსხდებოდით მაგიდის ბოლოში ფინჯანი რძის მოლოდინში. ჩაის ჩვენ არ გვასმევდნენ, მას მხოლოდ ბებიას და მეტად პატივსაცემ, სახელოვან სტუმრებს მიართმევდნენ ხოლმე. ახალგაზრდებს, იმისდა მიხედვით წლის თუ რა დრო იყო, მოგვიტანდნენ მწვადებს, შემწვარ გოჭს, ნედლ თევზს – ორაგულს, რომელიც ბევრი ცურავდა განიერ ქსანში, განსაკუთრებით გაზაფხულზე, როცა ის ქვირითს ყრიდა მდინარის სათავეში.
მამაჩემი ძველი გვარის ნაშიერი და მეფის შთამომავალი იყო – მეფე არჩილის ხაზით, იმ არჩილის, რომელმაც იმპერატორ პეტრე პირველის დროს თავისი დღეები რუსეთში დალია. მეფე არჩილის ვაჟი ალექსანდრე, პეტრეს ბავშვობის მეგობარი, არტილერიის პირველი ფელცეხმაისტერი იყო, პეტრე დიდის გვერდით მონაწილეობას ღებულობდა პოლტავის ბრძოლაში. ამ ბრძოლაში ტყვედ ჩავარდა, ათი წელიწადი სტოკჰოლმის ციხესიმაგრეში გაატარა და გათავისუფლების შემდეგ, პეტერბურგისკენ მომავალი, გზაში გარდაიცვალა.
მამაჩემი რუსეთის მეფის ჯარში მსახურობდა, გენერალ ოგლობჟიოს ადიუტანტად იყო, მასთან ერთად გაატარა კავკასიის მთელი ომი და პორუჩიკის ჩინში, ოჯახური მდგომარეობის გამო, იძულებული იყო სამსახურისათვის თავი დაენებებინა.
მამა გვიამბობდა ხოლმე, რომ თურქეთის არმიის დამარცხებისას ტყვედ ჩავარდნილა. თურქეთის გენერალურმა შტაბმა, რომლის უფროსი ინგლისელი უილიამსი ყოფილიყო, არ მოინდომა გაევლო ჩვენი მთავარსარდლის წინ როგორც დამარცხებულს და რუსეთის გენერალური შტაბიდან ნებართვა მიიღო პეტერბურგში თავისუფლად წასულიყო.
ასეთი უცნაური განკარგულების გამო არა მარტო ჯარი იყო ნაწყენი, არამედ მთელი რუსეთიც.
ცნობილია, რომ ინგლისელები ჯერ კიდევ უძველესი დროიდანვე ცდილობდნენ ძირი გამოეთხარათ რუსეთის სიძლიერისათვის ხან სპარსეთისა და ხან თურქეთის მხრიდან. მაგალითად, ნადირ-შაჰის დროს გამოჩნდა ვიღაც ინგლისელი ავანტიურისტი ელტონი, რომელიც აგულიანებდა ნადირ-შაჰს, თავს დასხმოდა რუსეთს, სამხედრო მზადებაც კი დაიწყეს, მაგრამ ამ დროს, საბედნიეროდ, სპარსეთში აჯანყებამ იფეთქა და ნადირ-შაჰი მოკლულ იქნა.
სპარსეთი მოიცვა ანარქიამ და რუსეთის წინააღმდეგ გალაშქრების ამბავი დროებით დავიწყებას მიეცა. იმავე დროს პეტერბურგში ინგლისის ელჩი უიტვორტი დედოფალ ეკატერინესთან – შემდეგში ეკატერინე მეორესთან ლხინობდა.
ალექსანდროპოლში (საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ამ ქალაქს დაერქვა ლენინაკანი), როცა გენერალ ოგლობჟიომ დამარცხებული ანატოლიის არმია განაიარაღა, თურქეთის არმიის მთავარსარდალმა ფაშა ზიულიმ არ ინება თავისი იარაღი მისთვის ჩაებარებინა, როგორც მან უწოდა, მოღალატისათვის და როცა მამაჩემის ვინაობა გაიგო, იარაღი, როგორც ღირსეულ პიროვნებას, მას გადასცა. მისეული თოფი დიდი ხნის განმავლობაში მე მქონდა სახლში, შემდეგ კი საქართველოს მუზეუმს გადავეცი.
როცა მამაჩემი ფაშას თოფს ართმევდა, მისი ყურადღება ერთმა ლამაზმა ახალგაზრდა სამხედრო პირმა მიიქცია თურმე, ალბათ, ფაშას ადიუტანტმა, რომელიც მოწიწებით მდგარა ფაშას უკან.
ფაშას თავისი მხლებელი მამაჩემისათვის გაუცნია და მათთვის საუბრის საშუალებაც მიუცია. მამაჩემი გამოლაპარაკებია ახალგაზრდას და ვინაობაც უკითხავს.
ახალგაზრდას მშვენიერი, წმინდა ქართული ენით უპასუხნია, რომ მისი წინაპრები – ქართველები – თურქეთში გაუყიდნიათ, და თუმცა მუსულმანობა ძალდატანებით მიუღიათ, ენა მაინც შეუნარჩუნებიათ. ამ ახალგაზრდის და მისი ძმის ოცნება ყოფილა, ოდესმე როგორმე დაბრუნებოდნენ სამშობლოს.
მაგრამ საბრალო ახალგაზრდა, რომლის თვალებში ვედრება გამოიხატებოდა, სამხედრო ტყვედ არ ითვლებოდა, რომ გადაცვლა მოხერხებულიყო, არამედ, საუბედუროდ, თურმე მონა ყოფილიყო; ამასთანავე, ეტყობოდა, რომ ფაშას ეს ახალგაზრდა დიდად უღირდა, და მამაჩემს მისი განთავისუფლების ცდამ ამაოდ ჩაუარა.
მამაჩემი, როგორც აღვნიშნე, ოჯახური პირობების გამო იძულებული გამხდარა, სამხედრო სამსახური მიეტოვებინა.
ნიკოლოზ პირველმა თვალთმაქცურად უწოდა საქართველოს თავისი “გვირგვინის მარგალიტი”. დიდი დღესასწაულის დროს საქართველოს ღერბი მესამე რიგში მიჰქონდათ, ნამდვილად კი საქართველოში სულ სხვა პოლიტიკას აწარმოებდა.
ქართველი ხალხის გულის მოსაგებად იმავე ნიკოლოზ პირველმა მცხეთის ტაძრის დათვალიერებისას რუს ეგზარქოსს “დურაკი” დაუძახა, თითქოს იმისათვის, რომ მან სვეტიცხოვლის შესანიშნავი ქართული ფრესკები კირით გაათეთრებინა.
ვორონცოვი ფრთხილად განაგრძობდა ქართველი ხალხის დამონების საქმეს. მან პირველმა შექმნა ე.წ. “პრიკაზი”, სადაც მემამულეებს შეეძლოთ, დაეგირავებინათ თავიანთი მამულები და ქონება, ვითომდაც მათივე სასარგებლოდ.
საქმის კარგად და წესიერად დაყენებისათვის მოიწვია ვიღაც ებრაელი ხასკინი, როგორც მცოდნე ფინანსისტი, რომელმაც სულ ცოტა ხანში გაფცქვნა მემამულეები, მოაგროვა ორი მილიონი მანეთი და ამ ფულიანად ამერიკაში გაიქცა.
პაპაჩემს ვალად დაედვა ექვსასი ათასი მანეთი თავისი პროცენტებით, ეს ისეთი დიდი თანხა იყო, რომ მის გონებას ვერც კი წარმოედგინა. გადახდის ვადები მალე მოვიდა, და რადგანაც ფული არ მოეპოვებოდა, სახლიდან ორი ურემი ვერცხლეულის და რამდენიმე ძვირფასი ნივთის გატანა მოუხდა.
ყველაფერი ეს ახალგორელმა სომეხმა მზარეულოვმა შეისყიდა და ფული “პრიკაზში” იქნა შეტანილი სართის ანუ პროცენტების გადასახდელად. ვალი კი კვლავ ვალად დარჩა. დაიწყო სატანჯველი ხანა ოჯახისათვის, რომელსაც მთავრობა ისედაც არ უყურებდა კარგი თვალით მამაჩემის პაპის ედიშერ ივანეს ძის გამო.
ედიშერს, როცა იგი 22 წლისა ყოფილა, თავად თარხნიშვილთან, ჯავახიშვილთან და სხვებთან ერთად მონაწილეობა მიუღია 1810 წლის გლეხთა აჯანყებაში მარკიზ პაულუჩის დროს. ამისათვის იგი გადაუსახლებიათ ჯერ ვლადიკავკავში, შემდეგ კი რუსეთში, სახელდობრ სად, დღემდე საიდუმლოებითაა მოცული. მიწერ-მოწერის ნებაც არ ჰქონია.
ასე უკვალოდ გაქრა ის. მას დარჩა ქვრივი თამარი, მაჩაბლის ქალი, და სამი წლის ვაჟი. თამარი საცხოვრებლად თავისი მშობლების სახლში დაბრუნდა, რადგან მას ეშინოდა, კიდევ რამე ახალი უსიამოვნება არ მიეყენებინა მთავრობას და ნათესავებს, რომელნიც ყოველივე ღონისძიებებით ცდილობდნენ, წაერთმიათ მისთვის მიწები. მშობლებთან წასული თამარი განუწყვეტლივ უგზავნიდა თხოვნებს გენერალ ერმოლოვს და სთხოვდა, რომ მცირეწლოვანის შვილისათვის მეურვედ გენერალ-მაიორი კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელი დაენიშნათ.
როცა ნიკოლოზს ჩვიდმეტი წელი შესრულებია, იგი თავისი დედით დაბრუნებულა მამისეულ მამულში და შეურთავს ივანე ჯორჯაძის ასული თამარი.
პაპაჩემი ნიკოლოზი გორის რაზმში მსახურობდა და დაჯილდოებული ყოფილა ჯარისკაცის გიორგის ჯვრით.
დედაჩემის გადმოცემით, ნიკოლოზს დიდი უნარიანი და გამჭრიახი გონება ჰქონია. ყველაფერი აინტერესებდა. ცდილობდა, რომ შვილებისთვის, განსაკუთრებით ვაჟებისათვის, კარგი განათლება მიეცა, რომ მათ შესძლებოდათ ღირსეულად მხარში ამოსდგომოდნენ იმდროინდელ ჭკვიანსა და სწავლულ ადამიანებს. პაპაჩემის ოჯახში მსვლელობა ჰქონიათ პლატონ იოსელიანს და სრულიად ახალგაზრდა რაფიელ ერისთავს, რომელიც ძალიან მხიარული და ცეკვების მოყვარული ყოფილა. ის თურმე ცეკვებს ასწავლიდა ჩემს უმცროს მამიდებს, ერთი მათგანი, ლამაზი მართა კიდეც შეჰყვარებია, მაგრამ უიმედოდ.
პაპაჩემის ხშირი სტუმარი ყოფილა ნიკოლოზ ბარათაშვილიც. იქ კითხულობდნენ მის ლექსებს და თარზე ამღერებდნენ “სულო ბოროტოს”.
შემდეგ პაპაჩემის ოჯახს ხშირად ეწვეოდა ხოლმე ახალგაზრდა პოეტი ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძეც, რომელიც დუშეთის მაზრაში 1864 წელს მომრიგებელ შუამავლად დაუნიშნავთ, შემდეგ კი მოსამართლის თანამდებობაზე გადაუყვანიათ. თანახმად მაშინდელი ეტიკეტისა, ილია სადარბაზოდ დადიოდა მისდამი რწმუნებული მაზრის ყველა მემამულესთან, ჩვენი სახლი კი, როგორც დუშეთთან ახლომდებარე, ახალგაზრდებით ყოველთვის სავსე, რომელიც წარმოადგენდა მხიარულ კულტურულ წრეს, უფრო მეტად იზიდავდა ახალგაზრდა პოეტს. მის მოსვლას ყოველთვის მოუთმენლად ელოდებოდნენ თურმე. მე დავიბადე 1868 წელს და ფრონტიდან მამაჩემის ერთ-ერთი დროებით ჩამოსვლის დროს მომნათლეს. სწორედ მაშინ განსაკუთრებით გამოუჩენია თავი ახალგაზრდა ჭავჭავაძეს თავისი მჭევრმეტყველობით. მას მამაჩემისათვის მიუმართავს შესანიშნავი ქართული ენით და ურჩევია, რომ შვილები ქართულ წესზე აღეზარდა და ჩაენერგა მათთვის სამშობლოსა და ხალხის სიყვარული.
ამ ხანებში პაპაჩემის ოჯახი საგრძნობდად შერყეული ყოფილა ხასკინის მიერ ფულის გატაცების გამო. ამას თან დართვია გლეხების ბატონყმობიდან განთავისუფლება, რასაც მემამულეები, კერძოდ, პაპაჩემი, მძიმე მდგომარეობაში ჩაუგდია.
საქართველოში ბატონყმობის არსებობის შესახებ ცნობები XVII საუკუნიდან გვხვდება, დაკანონებულ ხასიათს კი XVIII საუკუნიდან – მეფე ვახტანგ VI-ს დროიდან ღებულობს. ვახტანგი ნიკოლოზის პაპის სახლიშვილი იყო და ამ საფუძველზე საგვარეულო თოფი მისი ვაჟის ბაქარისაგან გადაეცა მეფე კონსტანტინეს, შემდეგ – დამოუკიდებლივ ედიშერს და ედიშერისაგან – პაპაჩემს ნიკოლოზს, რასაც მოწმობს თვით თოფზე არსებული წარწერები. ეს თოფი, როგორც რელიკვია, ჩვენს სახლში ინახებოდა და ამტკიცებდა გვარეულობაში ჩვენი შტოს უფროსობას. 1925 წელს ეს თოფიც საქართველოს მუზეუმს ჩავაბარე.
თავადი ვორონცოვი თავის პოლიტიკას ატარებდა, მისი მეუღლე კი – ელისაბედ ქსავერის ასული, გრაფ ბრანიცკის ქალი, ცნობილი თავადი პოტიომკინ-თავრიზელის დისწული, თავის მხრივ, მართავდა შესანიშნავ ნადიმებს, ქმრებს და მამებს აიძულებდა, ამ წვეულებებზე მიეყვანათ თავიანთი ცოლები და ქალიშვილები ახალ მოდაზე ჩაცმულები. მკერავებად გამოწერილი იყვნენ ფრანგი ქალები. ამ ქალების ერთმა ჯგუფმა თბილისში გახსნა სამკერვალო სახლი “რუსელი”. მოდებზე აუარებელი ფული იხარჯებოდა.
ამ ახალი წესების გავლენით ქართველმა ქალებმა თანდათანობით იწყეს ეროვნული ტანსაცმლის გახდა და მის ნაცვლად ევროპულის ტარება. სწავლობდნენ რუსულსა და ფრანგულ ენებს, რისთვისაც გახსნილი იყო პირველი ფრანგული პანსიონი ქალებისათვის, მადამ ფავრის ხელმძღვანელობით.
კნეინა ვორონცოვისა თვითონ დადიოდა სოფლებში იმ თავადაზნაურთა ოჯახებში, სადაც ახალგაზრდა ქალები ეგულვებოდა; იმისი მისვლის შედეგად უკმაყოფილო მამებს უხდებოდათ ლეიბის ქვეშ შენახული არაერთი ასი მანეთის გამოღება, ანდა ცნობილი “პრიკაზისათვის” მიმართვა.
ასეთსავე მდგომარეობაში ჩავარდა პაპაჩემი ნიკოლოზ ედიშერის ძე. მას ოთხი ქალიშვილი ჰყავდა, უფროსი – სალომე, მამის საყვარელი შვილი, გათხოვილი იყო თავად არჩილ ბაგრატიონ-მუხრანელზე, მუხრანელებიდან ყველაზე მდიდარ თავადზე. მისი შესანიშნავი, მაღალსვეტებიანი სახლი ანჩისხატის ტაძრის გვერდით მდებარეობდა. ეს სახლი, კარგი ქართველი ხუროთმოძღვრის გემოვნებით აშენებული, ნახევრად ევროპული, ნახევრად ქართული სტილით იყო მოწყობილი.
არჩილი ყოველგვარი გასართობების და ცირკის დიდი მოყვარული, 29 წლის ვაჟკაცი, უშვილოდ გარდაიცვალა. მადლიერმა ცირკის მსახიობებმა არჩილის კუბო მცხეთამდე წაიღეს ხელით. მას დარჩა მეუღლე, რომელსაც არჩილის ნათესავები მოსვენებას არ აძლევდნენ, ბოლოს ის საშინელ გაჭირვებას განიცდიდა. მისი მშობელი ოჯახიც, ძალზე დაღარიბებული, ვერაფრით დაეხმარა.
მეორე ქალიშვილი, 14 წლის ლამაზი მართა, განსაკუთრებით მოეწონა ვორონცოვის მეუღლეს და ერთხელ წაიყვანა თავის ნადიმზე.
ნადიმზე ყველაზე უკეთესი შთაბეჭდილება მართამ მოახდინა. მისმა შესანიშნავმა სილამაზემ მიიპყრო იქ მყოფი მთელი ახალგაზრდობის ყურადღება. მაგრამ მართას ასეთმა მოწონებამ მამამისი საგონებელში ჩააგდო. პაპაჩემს სიძედ გარდა ქართველისა, არავინ უნდოდა, ამიტომ მან მართას გათხოვება დააჩქარა და ცოტა ხნის წინათ დაქვრივებულ თავად რევაზ ერისთავს გაატანა ცოლად. რევაზი ძალიან მდიდარი, მაგრამ მართაზე თითქმის 40 წლით უფროსი, მეტისმეტად ეჭვიანი კაცი გამოდგა.
რევაზმა ახალგაზრდა ცოლი ჩაკეტა თავის თეთრ სასახლეში. ეს სასახლეც ისეთივე ლამაზი და სვეტებიანი იყო, როგორც თბილისში არჩილ მუხრანელის სახლი; ის მდინარე ქსნის ნაპირზე მდებარეობდა, საცხოვრებელი ადგილებიდან სრულიად განცალკევებულად. რევაზის პირველი ცოლი ეკატერინე, პოეტ ნიკოლოზ ბარათაშვილის მკვიდრი და იყო, რომელთანაც ხშირად და დიდი ხნობით სტუმრობდა ხოლმე პოეტი. ამ შესანიშნავი ბუნების წიაღში, სადაც უღრანი ტყე შემოსალტოდა ანკარა, ჩქარ მდინარე ქსანს და სადაც ირმის ჯოგები ისე მოდიოდნენ წყლის დასალევად, რომ ადამიანებს არც კი ერიდებოდნენ, პოეტს მრავალი დღე გაუტარებია.
ხშირსა და ფოთლოვან ტყეში გაისმოდა ბულბულის სტვენა, სადღაც მწყემსი სალამურს უკრავდა და შორს კი ვიღაც ურმულს მღეროდა.
მრავალხმიანი, გულწრფელი სიმღერა იფანტებოდა ლაჟვარდში და ადრიანი დილის ჰაერში მისი გამოძახილი აღწევდა სასახლემდე, სადაც ყველაფერი თანდათანობით გამოცოცხლებას იწყებდა. პირველი თვითონ პატრონი გამოდიოდა აივანზე და მადლიერი თვალით უყურებდა მის ირგვლივ გაშლილ პანორამას, უნებურად იხდიდა ქუდს და პირჯვარს იწერდა.

 

წყარო: კვირის პალიტრა

About these ads
This entry was posted in საქართველო, ფაქტები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s