მფრინავი ჰოლანდიელი



მფრინავი ჰოლანდიელი
წყლის სტიქია თავის ცრურწმენებსა და ლეგენდებს ბადებს. ხანდახან სახმელეთო ლეგენდებზე უფრო შიშის მომგვრელს. თუ გზაზე შემთხვევით შავი კატა გადაგირბენთ – უბრალოდ სხვა გზით წახვალთ, მაგრამ თუ ღია ოკეანეში ჰორიზონტზე შავი, დაგლეჯილი აფრები შენიშნეთ, იცოდეთ, რომ ეს ‘’მფრინავი ჰოლანდიელია’’ და ვეღარაფერი გიშველით…

სამასი თუ ოთხასი წლის წინ ცხოვრობდა ვინმე ჰოლანდიელი კაპიტანი სახელად ვან დერ დეკენი, ან – ვან სტრაატენი, ან, უბრალოდ – ვანი. ერთი რამის დარწმუნებით თქმა შეიძლება – იგი საშინელი ლოთი და ღვთისმგმობი ვინმე იყო. ერთხელ ‘’იმედის კონცხის’’ სიახლოვეს მისი გემი საშინელ ღელვაში მოყვა. მაგრამ საქმე ნამდვილი ‘’ზღვის მგლისათვის’’ ჩვეულია – შეაცურე გემი შედარებით მშვიდ ადგილას და მოიცადე, სანამ სტიქია დაწყნარდება. შტურმანიც ურჩევდა ასე მოქცეულიყო, მაგრამ კაპიტანი თითქოს ცოფმა შეიპყრო – მან პისტოლეტი ამოიღო და მიაცხრილა თავისი მრავალი წლის დამხმარე. ‘’ყველას, ვინც ჩემს წინააღმდეგ წავა, იგივე მოელის!’’ – განაცხადა მან და გადახედა შეშინებულ მეზღვაურებს – ‘’ვფიცავ დედაჩემის ძვლებს, რომ მე შემოვუვლი ამ დაწყევლილ კონცხს მაშინაც კი, თუ ამის გაკეთებას საშინელი განხითხვის დღის დადგომამდე მოვუნდები!’’

იმავე წამს ზეცა გაიხსნა და შავი ღრუბლებიდან იფეთქა ტკივილამდე კაშკაშა ცეცხლმა. პირდაპირ ცეცხლიდან გემბანზე გადმოვიდა შავი ჩრდილი. კაპიტანს დიდხანს არ უფიქრია, მაშინვე დაუმიზნა დაუპატიჟებელ სტუმარს იარაღი, მაგრამ პისტოლეტი მისივე ხელებში აფეთქდა. მშვიდი ხმით, რომელმაც სიმშვიდის მიუხედავად ჭექა–ქუხილის ხმა გადაფარა, ჩრდილმა წარმოთქვა: ‘’შენ ძალიან ჯიუტი და სასტიკი ადამიანი ხარ, კაპიტანო. ამიერიდან შენი ღვინო ნაღველი იქნება, ხოლო საკვები – გამდნარი ლითონი. წყეულიმც იყავ კაპიტანო უკუნითი უკუნსამდე!. და არ ექნება შენს გემს არსად ნავთსაყუდელი, იცურებს დარშიც და ავდარშიც ზღვაში თუ ოკეანეში ქვეყნიერების დასასრულამდე!’’

იმ წამსვე მთელი ეკიპჟი ნახევრად ჩაფერფლილ ჩონჩხებად იქცა, ზეცისაკენ მიპყრობილი მუდარის გამომხატველი თვალებით, ხოლო თავად ვან დეკენი კაპიტნის ხიდს მიეყინა. დიდი ხანია აღარავის ახსოვს, თუ რა ერქვა მის გემს, მაგრამ დაწყევლის დღიდან იგი ქვეყნიერებისათვის ცნობილი გახდა როგორც ‘’მფრინავი ჰოლანდიელი’’. მისი აფრები ყოველთვის დაბერილია ქარით, მაშინაც კი, როცა ზღვაზე შტილია. სიძველისაგან მთლად გაცრეცილი ‘’მფრინავი ჰოლანდიელი’’ დიდი ხნის წინათ ჩაიძირებოდა, მაგრამ რაღაც სასწაულის ძალა აჩერებს მას წყლის ზედაპირზე. მისი შეხვედრა წყლის სივრცეებში უეჭველ სიკვდილს ნიშნავს. ყველა ქვეყნის მეზღვაურს ეშინია მისი.

თავს უშველეთ ვისაც შეგიძლიათ!

ზღვის მარილით გაჟღენთილი შკიპერები ‘’მწვანე’’ იუნგებს უყვებიან, რომ არსებობს ‘’მფრინავი ჰოლანდიელისაგან თავდახსნის ხერხი – უბრალოდ უნდა წარმოთქვან ჯადოსნური სიტყვები მისი გამოჩენისას და მაშინ მიცვალებულთა გემი ბოლოს და ბოლოს ჩაიძირება, ხოლო მათი სულები ზეცას შეუერთდებიან, მაგრამ ამ ქვეყნად არავინ იცის რა სიტყვებია ეს…

თუმცა ჯგუფში აუცილებლად გამოჩნდება ხოლმე რომანტიულად განწყობილი მატროსი, რომელიც გულზე პერანგს შეოიხევს და ამტკიცებს, რომ ვერავითარი სიტყვებით ვერ უშველის ცოდვილ კაპიტანს. წყევლის მოხსნა მხოლოდ სიყვარულს შეუძლია. შვიდ წელიწადში ერთხელ ‘’მფრინავ ჰოლანდიელს’’ უფლება ეძლევა შევიდეს ნებისმიერი ქვეყნის პორტში და თუ ვან დერ დეკენი – ალკოჰოლიკი და მკვლელი – ერთი დღე–ღამის განმავლობაში ღვთისმოსავ, პატიოსან ქალიშვილს იპოვის, რომელსაც თავდავიწყებით შეუყვარდება იგი, დაწყევლილი გემის მოგზაურობა დასრულდება. მაგრამ განა მოიძებნება თანამედროვე პორტებში ასეთი ანგელოზი?

თუმცა, თუ წყევლის მოხსნას ვერ შეძლებთ, თავის დაღწევა მაინც შესაძლებელია მასთან შეხვედრისას, მაგრამ ამისათვის მეფე უნდა იყოთ, ან ტახტის მემკვიდრე მაინც, როგორც გეორგ მეხუთე – იგი ოფიცრად მსახურობდა სამხედრო ესკადრაზე, რომელიც შეხვდა ლეგენდარულ ‘’მფრინავ ჰოლანდიელს’’ 1886 წელს. მატროსმა, რომელმაც პირველმა შენიშნა ეს გემი, შიშისაგან გემიდან გადავარდა და დაიხრჩო. ესკადრა კინაღამ დაიღუპა საზღვაო შეჯახებისას, მაგრამ გეორგს ერთი ნაკაწრიც არ მიუღია. ძალიან მალე იგი ერთუფლებიანი მმართველი გახდა დიდი ბრიტანეთისა და წარმატებით ხელმძღვანელობდა სამშობლოს 1936 წლამდე. ალბათ, როგორც სიმღერაშია, ღმერთი ფარავდა მეფეს.

რომის ბოთლი

ყოველ მითს თავისი რეალური ისტორიული საფუძველი აქვს. თუმცაღა ფაქტებიც კი კარგავენ თავის სიზუსტეს დროის საბურველის ქვეშ. სახელდობრ რომელი გემი იქცა ‘’მფრინავი ჰოლანდიელის’’ პროტოტიპად, ახლა ალბათ ვერავინ იტყვის. ყოველ წელიწადს მსოფლიო ოკეანეში ათობით ხომალდი იკარგება უგზო–უკვლოდ. თუ დღეს ნებისმიერი ნავის დაკარგვის შემთხვევაში ყველა ფეხზე დგება, გასულ საუკუნეებში მთელი ფლოტილიის დასახმარებლადაც არავინ იტკიებდა თავს. ასე რომ, ‘’მფრინავ ჰოლანდიელად’’ ქცევის შანსი ნებისმიერ გემს ჰქონდა და თანაც ეშმაკის წყევლის გარეშეც. როგორ? აი ასე მაგალითად:

1770 წელს ერთ–ერთ ხომალდზე, რომელიც მალტის კუნძულების გასწვრივ მოძრაობდა, ყვითელი ციებ–ცხელების ეპიდემიამ იფეთქა. მეზღვაურებმა ნებართვა ითხოვეს ჩასულიყვნენ უახლოეს პორტში, მაგრამ მალტის ორდენის დიდმა მაგისტრმა ნება არ მისცა და გემი 23 ადამიანით ისევ ღია ზღვაში გავიდა. როგორც ჩანს, სიკეთე არ შედიოდა იქაური სამღვდელოების საზოგადოების ფასეულობათა სისტემაში. გემი ტუნისში გაემგზავრა, მაგრამ ადგილობრივი მმართველის გაფრთხილება მოასწრეს და მანაც იმის შიშით, რომ ეს დაავადება მის ხელქვეითებს გადაედებოდათ, გემს აუკრძალა შესვლა. ჯგუფმა მთელი ძალის გამოყენებით გასწია ნეაპოლისაკენ, მაგრამ იქაც ვერ ეღირსა თანაგრძნობას: იტალიელებს თავად ახალი გადატანილი ჰქონდათ შავი ჭირის ეპიდემია. ეკიპაჟის წევრები ერთი–მეორის მიყოლებით იხოცებოდნენ. იმ ცოტაოდენმა, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ, სამედიცინო დახმარებაზე უარი მიიღეს ასევე საფრანგეთისა და ინგლისისაგან. საბოლოო ჯამში უბედური გემი ძვლების გროვით სავსე მცურავ კუნძულად იქცა.

არსებობს სხვა ჰიპოტეზაც: ჩვეულებრივი ხომალდის ‘’მფრინავ ჰოლანდიელად’’ ქცევის მიზეზი შეიძლება გახდეს ინფრახმოვანი ტალღები, რომლებსაც ადამიანის ყური ვერც კი აღიქვამს. ძლიერი ღელვის დროს ასეთმა ხმამ შეიძლება ისეთ სიხშირის გამოსხივებას მიაღწიოს, რომ ყველაზე გულადმა ზღვაოსნებმაც კი დაკარგონ დროებით მხედველობა და სმენა და შეიპყრონ შიშის აუტანელმა შეგრძნებამ. ხოლო ზოგიერთი საერთოდ ვერ უძლებს ამ გრძნობას და და სიგიჟის შემოტევისას ან გემიდან ხტება, ან პირსისხლიან მკვლელვად იქცევა.

სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საკმარისია მხოლოდ 7 გც ინფრაბგერა, და მოსაკლავიც აღარავინ დარჩება – სიკვდილი მყისიერად დგება, რადგან ადამიანის გულს უბრალოდ არ ძალუძს აიტანოს ასეთი დატვირთვა. სახელდობრ ასე ხსნიან მოვლენას, რომელიც 1894 წელს მოხდა ინდოეთის ოკეანეში. იქ აღმოაჩინეს სამ იალქნიანი გემი ‘’ები ეს ჰარტი’’, რომლის ყველა 38 წევრი უეცრად ინფარქტით გარდაიცვალა, ხოლო კაპიტანი, ალბათ ყველაზე ძლიერი – ცოცხალი გადარჩა, მაგრამ გაგიჟდა.

მაგრამ არსებობს შემთხვევები, რომლებსაც ვერ ახსნის ვერც ერთი თეორია. ერთი ბოთლი რომის გარეშე აქ ვარაფერს გახდებით. თუმცა, ‘’მფრინავი ჰოლანდიელის’’ ფენომენის ერთ–ერთი ახსნა ასე ჟღერს: ‘’დალიეთ ნაკლები, და გემიც აღარ მოგეჩვენებათ’’… მაგრამ 1850 წლის ერთ მშვენიერ დღეს ამერიკის სანაპიროზე, ქალაქ ნიუპორტის მახლობლად გამოჩნდა არა მოჩვენება, არამედ ნამდვილი ხომალდი სახელწოდებით ‘’ზღვის ფრინველი’’. იგივე წარმატებით ამ ხომალდისათვის შეიძლებოდა გეწოდებინათ ‘’მფრინავი ჰოლანდიელი’’. როცა ხმელეთზე არავინ გადმოვიდა, ადგილობრივი მაცხოვრებელები ავიდნენ გემზე და ვერც ერთი ცოცხალი არსება ვერ აღმოაჩინეს, თუმცა, მკვდრებიც არსად შეუნიშნავთ. კამბუზში ქურაზე ჩაიდანი დუღდა, ხოლო კუბრიკში სიგარეტის ბოლი იდგა. სანავიგაციო ხელსაწყოები იდეალურ წესრიგში იმყოფებოდა. ხომალდის ჟურნალიდან ცნობილი გახდა, რომ გემი ჰონდურასიდან ნიუპორტში მიცურავდა და ყავა გადაჰქონდა. უკანასკნელი ჩანაწერი ასეთი იყო: ‘’ვშორდებით ბრენტონის რიფს’’, ეს რიფი კი ნიუპორტიდან მხოლოდ რამდენიმე მილის დაშორებით მდებარეობს. მეთევზეები, რომლებიც ზღვიდან დაბრუნდნენ ამბობდნენ, შენიშნეს გემი დილით და კაპიტანი მიესალმა მათ. პოლიციამ საგულდაგულო ჩხრეკა და გამოძიება ჩაატარა, მაგრამ ვერაფრით დაადგინა, თუ სად და რატომ გაქრნენ ადამიანები.

ხოლო 1913 წლის ოქტომბერში დიდი ბრიტანეთის ნაპირებთან შენიშნეს იალქნიანი გემი ბორტზე ნახევრად წაშლილი სახელწოდებით ‘’მალბორო’’. მაშველთა ჯგუფმა კაიუტებში აღმოაჩინა ოცი ჩონჩხი დამდნარი სამოსით. იალქნები დაფარული იყო მომწვანო ობით. გემბანის ფიცრები დიდი ხნის დამპალი იყო. სავახტო ჟურნალის ფურცლები ერთმანეთს მიწებებოდა და წარწერები არ იკითხებოდა. ადგილობრივმა მოხუცებმა გაიხსენეს, რომ გემი ამ სახელწოდებით 23 წლის წინათ გაემგზავრა ლიტლტონის პორტიდან, მაგრამ ახალი ზელანდიის კოლონისტებმა ვერ მიიღეს თავისი ტვირთი. ეკიპაჟის სიკვდილი მხოლოდ ‘’მფრინავ ჰოლანდიელთან’’ შეხვედრით ახსნეს, მაგრამ თუ როგორ დაბრუნდა გემი სამშობლოში, ეს მეცნიერებისათვის უცნობია.

მისტიურმა შიშმა ‘’მფრინავი ჰოლანდიელის’’ წინაშე ჩვენს დრომდეც მოაღწია. არც თუ ისე დიდი ხნის წინ ატლანტიდის ოკეანეში ფილადელფიასთან ახლოს სასერნო გემის მგზავრებმა შენიშნეს მათკენ წამოსული ძველებური იალქნიანი გემი, რომელზეც ადამიანებს კამზოლები ეცვათ და სამკუთხა ქუდები ეხურათ. თანაც ხელში დაშნა ეჭირათ. ამერიკელებს შორის ნამდვილი პანიკა ატყდა. მხოლოდ ბორტზე მყოფი ჟურნალისტი არ დაიბნა და სენსაციური ახალი ამბავი თავის გამომცემლობას აცნობა. მაგრამ მალე აღმიოჩნდა, რომ მეზღვაურები მსახიობები იყვნენ და დაშნებიც ბუტაფორიული ეჭირათ – ეს იყო გადაღება მორიგი ჰოლივუდური თრილერისა ‘’მფრინავი ჰოლანდიელის’’ შესახებ.

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s