ყიფშიძეები


ვისაც “ივერიის” კარი შეუღია, ყველა აღნიშნავდა, იქ დამხვდურ ადამიანებს შორის ერთ გამორჩეულ, გულისხმიერ, თავდადებულ, ახალგაზრდების ხელისშემწყობ და მესაიდუმლე ადამიანის, ილია ჭავჭავაძის მარჯვენა ხელის გრიგოლ, იგივე გიგა ან გიგო, როგორც შინაურები ეძახდნენ, კეთილშობილებას.

ამ საოცარ ადამიანს ასეთივე საინტერესო და მადლიანი ძმები ჰყავდა – ალექსანდრე, ილია და ზაქარია, რომლებმაც არც თუ ისე მოკრძალებული კვალი დატოვეს XIX საუკუნის დასასრულის და XX საუკუნის დასაწყისის საქართველოში. 

დავიწყოთ იქიდან, რომ გიგა ყიფშიძეს თანამედროვეები ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფად მოიხსენიებდნენ. თანამშრომლობის გარდა, ილია მეგობრობდა გიგასთან და, როგორც საკუთარ თავს, ისე ენდობოდა მას. მისი გარდაცვალებიდან ხუთი წლის შემდეგ გრიგოლ ყიფშიძემ ილიას ბიოგრაფია დაწერა, რომლის წინასიტყვაობაში შემდეგ სიტყვებს ამოიკითხავთ: “ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის აღწერა, მისის სულის ფსიხოლოგიის ცხად-ყოფა, ზედ მიწევნილი დახასიათება და დაფასება ილიასი – და მერე ისიც ასე ადრე, ასე მალე, სულ რაღაც ხუთის წლის შემდეგ მის მოწამებრივის სიკვდილისა, ყოვლად ძნელი ტვირთია, დიაღ მძიმე და პასუხსაგებელი საქმეა. ცხოვლად უნდა გავითვალისწინოთ მისი დიდი ბუნება, მისი ღრმა სულის-კვეთება და გადავშალოთ მიუკერძეველად, თავ-დაჭერით და გულ-დამშვიდებით დიდი სურათი ჩვენი ბედშაობისა და ქონდრის-კაცობისა, ჩვენის შავ-უკუღმა დატრიალებულის ბედის ჩარხის მთელის საუკუნის განმავლობაში, დიდი სურათი იმ ტრაგედიისა, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი გმირი იყო ჩვენის ხელითვე ისე უღვთოდ, ვერაგულად გულ-განგმირული დიდება საქართველოსი, მისი დიდი მესაიდუმლე, მისი დიდი გულთამხილავი. აი ეს არის ჩვენთვის ძნელი; ეს არის ძნელი მეტადრე ჩვენისთანა სუსტის ძალ-ღონის პატრონისათვის, იმ დიდის კაცის მცირე თანამემამულესი და თანამოსაგრესათვის.” მართლაც ძნელი იყო იმ დროს ილიაზე წერა, ძნელი და არც თუ უხიფათო, მაგრამ გრიგოლ ყიფშიძემ უღრმეს პატივად ჩათვალა ეს საქმე და დიდი სამსახური გაუწია ქართველ ერს, ილიას ჭირისუფლებს და თაყვანისმცემლებს…

ყიფშიძეების წინაპრები იმერეთიდან, სოფელ კაცხიდან გადმოსახლებულან ქართლში, ფრონეს ხეობაში, სოფელ წვერში. სწორედ წვერის ტაძრის მოძღვარი გახლდათ ძმების მამა – მღვდელი თევდორე. მოგვიანებით კი საღოლაშენში გადასულა და იქ გაუგრძელებია მღვდელმსახურება. მთელი სოფლის ნუგეში და იმედი ყოფილა – მასზე ძვირის მთქმელი იმ არე-მარეზე არავინ დაიარებოდა თურმე.

მამა თევდორეს ასეთივე მადლიანი მეუღლე ჰყოლია – ედილაშვილი მაგდანი – საოცრად ყოჩაღი და მშრომელი ქალი, რომელსაც გადაუწყვეტია ხარის ბეჭზე ნასწავლი წერა-კითხვის სწავლება არც სხვებს აწყენსო და საოჯახო სკოლა გაუმართავს გოგონებისთვის – თავისი რვა ქალიშვილისთვისაც და სხვებისთვისაც – წერა-კითხვის გარდა საოჯახო საქმესაც ასწავლიდა თურმე.

მაგდანი საოცრად კოლორიტული ადამიანი ყოფილა. თედო სახოკიას გადმოცემით ერთი უცნაურობა სჭირდა – ხშირად იწყევლებოდა: “აი, მისი წყევლის ფორმულებიცა: აი, შე არგასაშვებო წყეულო! დღეის სწორს მენახოს შენი კუბო! ცოცხალი აღარ ენახოს შენი თავი ჩემს თვალებს; წასულიყავ ჯანდაბას და აღარ მოსულიყავ!” მაგრამ წყევლის ყოველ მუხლს უეჭველად დაურთავდა ერთ სიტყვას: “ნუღარვე!” და ეს ნუღარვე ისე ბუნებრივად და მოხდენილად ამოხდებოდა პირიდან, როგორც თვით წყვლა, თითქოს ეს “ნუღარვე” იმავე წყევლის ბუნებრივი გაგრძელება და მისივე გამქარწყლებელი ყოფილიყო! როცა შვილი დამშვიდებულს დედას ჰკითხავდა: დედი, რადა გვწყევლი ასე გამეტებით, დედა გაკვირვებით შემოჰხედავდა და ეტყოდა: ” აბა, რას ლაპარაკობ, შვილო! დედის გული როგორ დაწყევლის შვილს! ეგ ენა იტყვის ისე, რაც მას წვერზე მოადგება, თორემ გულ-ღვიძლი არ ჩაუვარდება იმ დედას, შვილს რომ გაიმეტებს და მართლა დასწყევლისო?! დედის ენა რო იწყევლება, მისი ძუძუები ლოცავენ და აკი ამიტომ უმატებენ “ნუღარვეო!”

მოკლედ, ამ საინტერესო ოჯახმა თორმეტი ღირსეული შვილი აღზარდა – როგორც ზემოთ აღვნიშნეთ – ოთხი ვაჟი და რვა ქალი.

გრიგოლ ყიფშიძე ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რამდენიმე ხნის განმავლობაში პეტროგრადის უნივერსიტეტის თავისუფალ მსმენელად ირიცხებოდა, მაგრამ ოჯახური მდგომარეობის გამო მალე თბილისში დაბრუნდა და ჯერ განახლებულ ქართულ თეატრში დაიწყო მოღვაწეობა, შემდეგ “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” საქმეთა მმართველად გადავიდა. პარალელურად ილიას ყოველკვირეულ “ივერიაში” ბეჭდავდა სტატიებს – გ. გოდორიას ფსევდონიმით.

ალექსანდრე ყიფშიძის ფსევდონიმი კი – ალექსანდრე ფრონელი გახლდათ. მანაც გორის სასწავლებელი და თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ რაღაც სასწაულით, დღემდე მოვიდა ალექსანდრე ყიფშიძის “დღიურები ერთის სემინარიელისა”, რომელიც თბილისის სასულიერო სემინარიაზე მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის. “ალექსანდრე ყიფშიძის დროის (და მერეც) სემინარიის მთავრობა (რექტორ-ინსპექტორი) ისე უყურებდა სემინარიის ზღუდეთა შორის მოთავსებულ შვილებს საქართველოს სამღვდელოებისას, როგორც ველური ხალხის შვილებს, რომელთაც არ ძალუძთ შეითვისონ ნათელი სწავლა-ცოდნისა! ამიტომ ეს მთავრობა ცდილობდა, მათთვის ამაოდ არ ეშრომნათ და მათი რიცხვი მინიმუმამდე დაეყვანათ. ამ ველური ხალხის შვილებმა თავიანთი ენა, ენა ქართული, რომელზედაც ჯერ ისევ მეოთხე საუკუნეში შეითვისეს მოძღვრება ქრისტესი, ენა, რომელზედაც თარგმნეს სახარება, ჰო, ეს ენა ქართული უნდა დაივიწყონ და მის ბადლად ისწავლონო ენა სლავური, რომლითაც მხოლოდ შეიძლება ადიდოს ადამიანმა ღმერთიო!.. საქართველოს სასულიერო სემინარიაში ქართულ ენას კვირაში ერთი გაკვეთილი ჰქონდა დათმობილი. მასწავლებლად ამ ენისა დანიშნული იყო ნიკოლოზ ტატიშვილი. ამაზე ამბობდნენ – სასულიერო აკადემია აქვს დამთავრებულიო. შეიძლება, აკადემია დაემთავრებინა, მაგრამ ცოდნით არც ქართული იცოდა და აღარც რუსული. მისი ქართულის მასწავლებლობა, რომ მეტი არა ვთქვათ, დაცინვა და გამასხარავება იყო ქართული ენისა… აკრძალული იყო ქართული წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების კითხვა. მოწაფეთ ნება არ ჰქონდათ ეკითხნათ, სახელმძღვანელო წიგნების გარდა, სხვა რუსული წიგნები, რომლებიც მკითხველს უვითარებდა გონებას, ასწავლიდა, რომ სემინარიის გარდა არის სხვა სამყაროც, სადაც უნდა ცხოვრობდეს ადამიანი და არა უსულგულო რექტოტ-ინსპექტორი და უსულგულო მასწავლებლები და მათი ჯაშუშ-მოწაფეები. ერთადერთი კარგი მხარე ჰქონდა სემინარიის რეჟიმს, ბურსაკების ცხოვრებას: სულ გონებადაჩლუნგებული უნდა ყოფილიყო, მოწაფე, რომ ვერ დაენახა გარშემო გამეფებული უკუღმართობა… არ ავსილიყო მტრობითა და შურისძიების გრძნობით იმ მთავრობისადმი, რომელმაც შეუქმნა ასეთი გაუსაძლისი პირობები ცხოვრებისა მოზარდ თაობას… ალ. ყიფშიძე სემინარიაში შესვლისთანავე შესდგომია “დღიურების” წერას. შიგ აღნიშნული აქვს ყოველი ღირშესანიშნავი დადებითი, თუ უარყოფითი მოვლენა სემინარიის ცხოვრებისა, ყოველი ნაბიჯი ამ სემინარიის სულისჩამდგმელისა, ალექსანდრე II მოკვლისა და მისი მკვლელების ამბავი და ყოველივე ისეთი გულახდილობით აქვს აღწერილი, დღიური რომ ჩაჰვარდნოდა სემინარიის მთავრობას, მის ავტორს, რა თქმა უნდა, მარტო სემინარიიდან გამორიცხვას არ დააჯერებდნენ: თუ მეტი არა, რამდენიმე წელიწადს მაინც ალესინებდნენ მეტეხის კედლებსა!..” (თედო სახოკია) თუმცა მეტეხის ციხეს ალექსანდრე მაინც ვერ აცდა, მაგრამ ამაზე ქვემოთ…

ყველა ამ “სიკეთესთან” ერთად სემინარიელს უნივერსიტეტში ჩაბარება არ შეეძლო, ამიტომ ალექსანდრე ჯერ გიმნაზიაში გადავიდა, შემდეგ ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა და წარმატებით დაასრულა კიდეც.

უმცროსმა ძმებმა – ზაქარია და ილია ყიფშიძეებმაც ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრეს, შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარია. მამის გზას ოთხიდან არც ერთი ვაჟიშვილი გაჰყვა… ზაქარია სამხედრო პირი გახდა სამხედრო-საინტენდანტო აკადემიის დამთავრების შემდეგ – დროდადრო საკუთარ ნაწარმოებებს თუ წერილებს აქვეყნებდა ჟურნალ-გაზეთებში. ილიამ კი ქალაქ აახენის რაინ-ვესტფალიის უმაღლესი ტექნიკური სკოლა დაამთავრა და საქართველოში გეოლოგიური განათლების ერთ-ერთ ფუძემდებლად მოგვევლინა. სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი ჩვენში კრისტალოგრაფიის და მინერალოგიის სწავლებას…

დავუბრუნდეთ ისევ გრიგოლ ყიფშიძეს და იმ პერიოდს, ანუ 1886 წელს, როცა ილიამ “ივერია” ყოველდღიურ გაზეთად გადააკეთა და გიგო მუდმივ თანამშრომლად მიიწვია.

“გიგო თავის დაუმაშვრობლობით, გასაოცარი რუდუნებით, საქმის აღსრულებით ძველი დროის ტიპიური “ბურსაკი” იყო. ერთსა და იმავე დროს იყო აუარებელი საგაზეთო მასალის გამსწორებელი, გამწესრიგებელი, კორექტორი, როცა მასალა დააკლდებოდა, მთარგმნელი მოთხრობებისა თუ სხვა სტატიებისა, რომ დროზე გაზეთის გამოსვლა არ შეფერხებულიყო; თანაც, დაჭერილი სტატიებისათვის, რაიცა მაშინდელ შავბნელს დროს მეტად ხშირი იყო, ახსნა-განმარტებისა და დაბეჭდვის ნებართვის გამოთხოვნისათვის ცენზორთან უნდა ერბინა. ერთი სიტყვით გიგოს აწვა კისერზე მთელი შავი სამუშაო, მთელი ჭაპანწყვეტა უმადური, მაგრამ იმავე დროს ისეთი შრომა, ურომლისოდაც ვერც ერთი გაზეთი ვერ იარსებებს, დღის სინათლეს ვერ იხილავს. ფაქტიურად რედაქტორად “ივერიისა” გიგო ყიფშიძე იყო, რადგან ნამდვილ რედაქტორს, ილია ჭავჭავაძეს, როგორც სათავადაზნაურო ბანკის თავმჯდომარეს, გაზეთის ტექნიკურად გაძღოლისათვის საკმაო დრო და მოცალება არა ჰქონდა. გ. ყიფშიძემ გაზეთი “ივერია”, ეს ერთადერთი პერიოდული ორგანო მაშინდელი დროისა, შეიქმნა სკოლად, ქართული ენის განსაწმენდელ ტაძრად. ერთი სტრიქონი დასაბეჭდავი მასალისა, თუნდ უბრალო განცხადებისა, გაზეთის სვეტზე ისე ვერ მოექცეოდა, მანამ გიგოს მადლიანი ხელი არ მოხვდებოდა, სანამ ყოველი უხამსობა არ ჩამოეცლებოდა. უქართულობის გაქართულება განსვენებულს მანიადა ჰქონდა გადაქცეული.” – სამართლიანად აღნიშნავდა თედო სახოკია.

ალექსანდრე მუშაობდა სახაზინო პალატაში, საგუბერნიო საქმეთა სამმართველოში, ახალციხეში მომრიგებელ მოსამართლედ. 1905 წელს დაინიშნა ქუთაისის ვიცე-გუბერნატორად, სწორედ ამავე დროს ქუთაისის გუბერნატორი გახდა სტაროსელსკი, მაგრამ მალე ორივე პოლიტიკურად არასაიმედოდ შერაცხეს და 1907 წელს ჯერ მოხსნეს, შემდეგ კი მეტეხის ციხეში გამოამწყვდიეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ალექსანდრე რამდენიმე ხნით განერიდა საქართველოს და პეტერბურგში გადავიდა. მისი საისტორიო ნარკვევებიდან აღსანიშნავი და ძალიან მნიშვნელოვანია: “მთიულეთი 1804 წ.” “1812 წლის ამბოხება კახეთისა”, “დიდებული მესხეთი”, “მთის არწივი, შამილი”… ხშირად იბეჭდებოდა მისი თარგმანები…

თარგმნიდა გრიგოლ ყიფშიძეც – თარგმნიდა ბურჟეს, მოპასანს, სენკევიჩს, მონტესკიეს, დოდეს… კათალიკოს კირიონთან ერთად შეადგინა და გამოსცა “სიტყვიერების თეორიის სახელმძღვანელო”, წერდა მნოგრაფიებს ქართველ მწერლებზე. მისი პუბლიკაციებით სავსე იყო მაშინდელი პერიოდიკა. რაც შეეხება “ივერიას”, როცა გაზეთის ხელმძღვანელობა ილიამ დავით მიქელაძეს გადააბარა, გრიგოლი გულნატკენი წამოვიდა რედაქციიდან და ჟურნალ “მოამბეში” დაიწყო მუშაობა, 1903-1906 წლებში ისევ დაუბრუნდა “ივერიას” და ერთხანს რედაქტორობდა კიდეც.

სიცოცხლის ბოლო წელი – საოცრად გაჭირვებულმა და ყველასგან მივიწყებულმა მშობლიურ სოფელ საღოლაშენში გაატარა თავის უძვირფასეს ოჯახის წევრებთან ერთად…

აუწონავია ამ დიდი ოჯახის კეთილი საქმეები და დამსახურება ჩვენი ერის წინაშე. ამბობდნენ – ყიფშიძეებს მადლი ოდითგან მოდგამთო – მათი წინაპრები, მღვდელმსახურები, ხომ უამრავი ადამიანის გამკითხველები და ხელისგამმართველები იყვნენ. შთამომავლებს კი უბრალოდ არ ჰქონდათ სხვაგვარად ცხოვრების უფლება…

ეკა მახარაშვილი

This entry was posted in საქართველო. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s