ალექსანდრე საჯაია


საალექსანდრე საჯაია დაიბადა 1916 წელს ზუგდიდის რაიონის სოფელ ოდიშში. სასოფლო სკოლის დამთავრების შემდეგ გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი (დასავლეთ ევროპის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი),რომელიც 1940 წელს დაამთავრა. მისი პირველი ლექსი 1935 წელს გამოქვეყნდა, 1938 წელს_პირველი პოეტური კრებული. 
დღეს ცოტასღა ახსოვს ალექასანდრე საჯაია. მოგონებებიც ძალზე ცოტა მოგვეპოვება. ერთი დაჯდომით გადავიკითხავთ ყველაფერს, რაც ამ შესანიშნავ პოეტზე დაწერილა და თითქმის ვერსად შევხვდებით მისი შემოქმედების ანალიზს. მოგონებების დიდი ნაწილი ეძღვნება ამ უდროოდ დაღუპული ახალგაზრდა კაცის პიროვნების ქებას და ლამის ყოველმხრივ შემკულ ადამიანად წარმოსდგება იგი ჩვენს წინაშე.
ბუნებამ მრავალმხრივი ნიჭით და კლასიკურად ნატიფი გარეგნობით დააჯილდოვა. არც იღბლისადმი ეთქმოდა სამდურავი, ზრუნვა და სიყვარული გარემოიცავდა მუდამ და ყველგან. ყველაფერში, რაც ცხოვრების საქმედ გაიხადა_ პოეზიაში, უცხო ენების შესწავლაში, თარგმნაში,-სწრაფად მიაღწია წარმატებას…
განგების რჩეულიაო, რომ იტყვიან, იმ ადამიანთაგანი იყო. თუ როდისმე წიგნი დაიწერება მის შესახებ, მენანდრეს ცნობილი ფრაზა იქნება ყველაზე შესაფერი ეპიგრაფი იმ წიგნისათვის: “ვინც ღმერთებს უყვართ, ის ადრეც კვდება, მალე მიჰყავთ ღმერთებს თავიანთ საუფლოში”.
ბავშვობიდან ლაღი და უზრუნველი იყო მისი ცხოვრება. თანატოლთა უმრავლესობისაგან განსხვავებით, გაჭირვება არასოდეს უწვნევია. მის მშობლებს, გამრჯე მეგრელ გლეხებს ღონიერი ოჯახი ჰქონდათ და დედისერთა კოკის უსაზღვროდ ანებივრებდნენ (კოკის ეძახდნენ შინაურები). Aარც სტუდენტობის წლებში გამოუვლია გაჭირვებული, “ნამდვილი სტუდენტური” ცხოვრება. ყოველთვის ჰქონდა პირობები მშვიდი, ბეჯითი სწავლისა და შემოქმედებისა და სწორედ სტუდენტობის პერიოდში, თბილისში ჩამოსვლის შემდეგ დაწერა პირველი საყურადღებო ლექსები.
Gგარდაცვალებიდან ორი-სამი ათეული წლის შემდეგ მისი ლირიკის საუკეთესო ნიმუშები “გახალხურდა”. სიცოცხლეში კი ალექსანდრე საჯაიას პიროვნება იყო გაცილებით მეტისთვის ნაცნობი, ვიდრე მისი პოეზია. თაყვანისმცემლებიც მის პიროვნებას მისსავე პოეზიაზე მეტი ჰყავდა. “შეუძლებელი იყო იგი გაგეცნოთ და ერთბაშად არ მოხიბლულიყავით. ჯერ გარეგნობა განგაწყობდათ განსაკუთრებული სიმპათიით”,-წერს ვახტანგ ჭელიძე და ფერებს არ იშურებს მისი”ვაჟკაცური სილამაზის”აღსაწერად.
ნიკა აგიაშვილი დიდ ადგილს უთმობს ალექსანდრე საჯაიას “ყოველმხრივი კეთილშობილების” აღწერას წიგნ-მოგონებაში ”ჭაბუკები დარჩნენ მარად”. ნატიფი და მოხდენილი, პირმწყაზარი საჯაია, ჩვენი კოკი-ალიოშა”,- ასე იხსენებს მას ერთ პირად წერილში ლადო ასათიანი.
ალექსანდრე საჯაიას საოცარი უნარი ჰქონდა, პირველი გაცნობით, პირველი შეხვედრითაც კი დაეპყროკაცის გული. ნ. აგიაშვილის მოგონებიდან ვტყობილობთ, რომ ერთხელ გაღიმებული გალაკტიონი მიახლოებია მას ქუჩაში და ღიღინით უთქვამს:
ერთ დროს მეც ვიყავ შენებრ ლამაზი
მაგრამ არ ვიყავ შენსავით ნაზი.
მამაკაცთაგანს იშვიათს თუ ვისმე სმენია ამდენი ქათინაური თავისი მისამართით. იშვიათად თუ ვისმე უგრძვნია გარშემომყოფთაგან ესოდნენ დიდი კეთილგანწყობილება. ალექსანდრე საჯაიასადმი ნაცნობ-მეგობრების მოპყრობაში იყო რაღაც თავისებური, ნაერთი მოკრძალების, აღფრთოვანებისა და პატივისცემის. დღესაც ყველა, ვინც კი იგონებს, თავს მოვალედ სთვლის, ილაპარაკოს მის სპეტაკ და ფაქიზ ბუნებაზე, მის პატიოსნებაზე, თავაზიანობაზე, ტაქტზე…
“იმ მრავალრიცხოვან ახალგაზრდათა ჯგუფში, რომლებიც ოცდაათიან წლებში მოევლინა ქართულ ლიტერატურას, ალექსანდრე საჯაია ყველაზე ინტელიგენტური იყო” (ვახტანგ ჭელიძე)
“მე იგი მესამე_მეოთხე თაობის ინტელიგენტი მეგონა და განცვიფრებული დავრჩი, როცა მის დაკრძალვაზე სოფელში ჩავედი და მშობლები გავიცანი” (სიმონ ჩიქოვანი)
კიდევ მრავლად შეიძლება ჩვენი პოეტის საქებ სიტყვათა ციტირება.
ტაქტით, გულწრფელობით, პატიოსნებით ინადირებდა ალექსანდრე საჯაია გარშემო მყოფთა გულებს და ეს არ იყო არც პოზა, არც შეძენილი ჩვევა. ქართული ხასიათის ტრადიციული თვისებაა ეს , მისთვის დაბადებიდან დაყოლილი, მისი პოეტური სულის თვისება და ლექსებშიც ამგვარად გამოსჭვივის მისი სული; ლექსები თითქოს ავტორის სულის სარკეა-ავტორის პიროვნება იხატება მათში და ამიტომ აფენიათ თავისებური, საჯაიას ლირიკისათვის დამახასიათებელი, სითბო და სინაზე:
შემიყვარდა მე შრიალი როგორღაც,
აბრეშუმის სიყვარული მეც დამყვა.
ყელსახვევი მომიქსოვე, გოგონა,
ო, ცისფერი ყელსახვევი, გეთაყვა!
ამ სტროფშიც კარგად ჩანს ალექსანდრე საჯაიას შემოქმედებისათვის დამახასიათებელი ზოგადი ნიშნები, მისი თავისებურება, კოლორიტი.
მისი ლექსები, ხალხურივით სადა და თავისებურად ტკბილი, ხალხურს მოგვაგონებენ ფორმითაც, მუსიკითაც: ჩვეულებრივი, ყოფითი სიტყვებითაა ნათქვამი ისინი და ყოველ მათგანში გამოსჭვივის პასტორალური უბრალოება. ხალხური ლირიკის დამატყვევებელი ძალა არის არა იმდენად ნათქვამის სილამაზეში, რამდენადაც მთქმელის გრძნობათა სიმძაფრესა და სიწმინდეში. იგივე შეიძლება გავიმეოროთ ალექსანდრე საჯაიას ლირიკის შესახებაც.
მისი შემოქმედება ინტიმურია და ვერ ვიტყვით, რომ რთულია ან ღრმად პრობლემური, მაგრამ ჭეშმარიტად ეროვნულია. ამით არის განსაკუთრები ფასეული.
მის ლირიკაში უკიდურესად პირადული განცდა გამოსჭვივის… ერთი კაცის განცდა, ოღონდ ქართველი კაცისა. ალექსანდრე საჯაიას ლექსში მშობლიური, ჩვენებური ნაღველი და აღტაცება იკითხება.
ალექსანდრე საჯაიას ბედი მჭიდროდ დაუკავშირდა თბილისში ჩამოსულ და ჟურნალ “ჩვენი თაობის” ირგვლივ შემოკრებილ ახალგაზრდა მწერალთა ბედს. მაღალი და კეთილშობილური მიზნები აკავშირებდათ მათ. მაგრამ უიღბლობა ჰქონდა დაბედებული მის თაობას, ძალიან მალე მოადგათ კარს დიდი უბედურება.
1943 წლის ივნისის მიწურულს ალექსანდრე საჯაია მუხლებზე დაემხო ლადო ასათიანის კუბოსთან და მოთქმით ატირდა.
ლადოს სიკვდილის დღეს დაიწყო კატასტროფა. იმ დღიდან ზუსტად ერთი წლის სიცოცხლეღა ეწერა მირზა გელოვანს, წელიწადზე ცოტა მეტისა_ ალექსანდრე საჯაიას.
თითქოს იგრძნო მოახლოებული სიკვდილის შავი სუნთქვა. სიცოცხლის უკანასკნელ წელს აჩქარდა ეს მუდამ დინჯი კაცი; სიცოცხლის უკანასკნელი წელი ყველაზე ნაყოფიერია მის შემოქმედებაში.
მეგობრები მწუხარებით და განცვიფრებით შლიდნენ ხელებს მისი მოულოდნელი სიკვდილის შემდეგ. რამდენიმე მათგანისთვის უთქვამს თურმე- გარდუვალი აღსასრულის წინათგრძნობა არ მასვენებსო.
ერთ-ერთ უკანასკნელ ლექსშიც გაამხილა თავისი ტკივილი:…ო, სათქმელო სიმღერავ, ნუკი დამიოკდები
კიდევ ცოტა და, უცხო ყვავილივით მოვკვდები.
სვანეთის მთებში გარდაიცვალა ოცდარვა წლის ალექსანდრე საჯაია.
სამეგრელოში, ბარისა და მთის შესაყართან, პატარა სოფელია_ოდიში. კოლხეთის ვაკეზე ამოზრდილი მცირე გორაკები, რომლებითაც კავკასიონის ქედი იწყება, თვალწარმტაცს ხდის ოდიშის მიდამოებს.
განსაკუთრებით კოხტა არის ერთი გორაკი, ცაცხვის ხეებით დაბურული, ხედიც მზერისდამატყვევებელი იშლება მის თხემიდან: ერთ მხარეს აყვავებული კოლხეთის ველი, ჩრდილოეთით კი_მეორე მხარეს, კავკასიის ცისფერი მთები. ამ გორაკზეა შეფენილი ოდიშის სასაფლაო.
თუ სოფელში იყო, ხშირად აირბენდა ხოლმე ამ სასაფლაოზე ალექსანდრე საჯაია. უყვარდა ცაცხვებით დაბურული გორაკი, ოცნებისთვის თავმიცემული ზოგჯერ საათობით რჩებოდა იქ და სამუდამო ბინაც იქვე დაიდო 1944 წლის სექტემბერში.
ახალგაზრდა პოეტი დედისადმი მიძღვნილი სტრიქონებით ამთავრებს ერთ-ერთ უკანასკნელ ლექსს-“სვანური მოტივებიდან” და თითქოს საკუთარი სიკვდილის შემდეგ დაინახაო მშობლები_ეს რამდენიმე სტრიქონი საოცრად ესიტყვება დედ-მამის განწყობილებას მას შემდეგ, რაც გათლილი ქვა დაადეს ერთადერთი შვილის სამარეს და რკინის მესერით შემოღობეს:
მზე მთის საფარს ეფარება,
ეზოს მწუხრი ეპარება
და ჩრდილები ხეთა
ფერად ნისლში იძირება,
აივნიდან იმზირება
მოწყენილი დედა.

This entry was posted in საქართველო. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s